31 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლოა 10 გრადუსით დაეცეს
31 იანვრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, 10 გრადუსით დაეცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს შავი ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო და კავკასიონიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები, რაც აცივებას, ნალექს და ზოგგან ძლიერ თოვლს გამოიწვევს.
“თებერვლის დასაწყისში კიდევ უფრო აცივდება, ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10, -15, ხოლო მთაში -17,-22 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლებელია, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ხოლო ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა აღინიშნოს. მსგავსი მოვლენა წლის ამ პერიოდისთვის იშვიათია, მაგრამ არ განეკუთვნება ანომალურ კატეგორიას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამინდის ანალოგიური პირობები, თებერვლის თვეში, 1970-1990-იან წლებში – 5-ჯერ, 2000-იან წლებში – 3-ჯერ, ხოლო ახლო წარსულში 2012 წელს დაფიქსირდა.