ბექა ოდიშარია: არ არსებოს ამ ქვეყანაზე პოლიტიკური მიზანი, რისკენაც შეიძლება ვისწრაფოდეთ საკუთარი სინდისისა და ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე

„არ არსებოს ამ ქვეყანაზე პოლიტიკური მიზანი, რისკენაც შეიძლება ვისწრაფოდეთ საკუთარი სინდისისა და ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატამა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ამასთან, დეპუტატმა დიდ დიღომში ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თბილისის მერის განცხადებას გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის დღევანდელ პრესკონფერენციას. პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ მე და ჩემი მეგობრები, ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, შეძრული ვართ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით. მართლაც ,უმძიმესი და შემზარავია თითოეული კადრისა და მომენტის ნახვაც კი ტელევიზიით, რაც ამ დღეებში გადმოიცემოდა. ამ დროს, ცივილიზებულ ადამიანებს მთელ სამყაროში, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების შემწეობისა და გარდაცლილ ადამიანების სულებზე ლოცვის ბუნებრივი ადამიანური სურვილი უჩნდებათ. თუმცა, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ჩვენი საზოგადოებისა, არიან ადამიანები, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად და მიზანსცენად და ურცხვად იწყებენ პოზიორობას ტელეკამერების წინ და ცდილობენ ამაზრზენი სახით პოლიტიკური ქულების ჩაწერას.
ჩვენ შევეგუეთ, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ კვალიფიკაცია, საკუთარი თანამოქალაქეების ადამიანური სიყვარული და როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ეს გვეხება ცოცხალ ადამიანებს, ყოველდღიურ რუტინულ ჩვევად გადაგვექცა, მათი პასკვილებისა და ფართოდ ტირაჟიტებული სიყალბეების, უბრალოდ, ღიმილით იგნორი. თუმცა ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენს დაღუპულ თანამოქალაქეებს, ადამიანურ ტრაგედიებს, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე. მე არაერთხელ მომიწოდებია ამ ტიპის ადამიანებისათვის, რომ არ არსებოს ამ ქვეყანაზე პოლიტიკური მიზანი, რისკენაც შეიძლება ვისწრაფოდეთ საკუთარი სინდისისა და ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე, თუმცა ეს მოწოდება ალბათ რიტორიკულად დარჩება, ისევე, როგორც კალაძის მოწოდება ჟღერს მათთვის რიტორიკულად, რომ ბოდიში მოიხადონ სიცრუისათვის, რადგან ბოდიშის მოხდას სინანული, სინდისი და სიმამაცე სჭირდება, რასაც, ვფიქრობ, მოკლებულნი არიან ამ ჟანრში მოღვაწე პოლიტიკოსები. კიდევ ერთხელ, მთელ საზოგადოებას ვუსამძიმრებ, თავს დატრიალებულ ტრაგედიას და ასეთ დროს, ალბათ, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ერთად დგომა მართებს“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები