ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები – სპეციალისტების რეკომენდაცია
ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ უბედური შემთხვევები თავიდან ავიცილოთ – ამ საკითხებზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტებმა გიორგი ჭაღიაშვილმა და სოსო სიმონიშვილმა ისაუბრეს.
სპეციალისტების თქმით, როცა მოქალაქე გაზის სუნს იგრძნობს, ფანჯრები უნდა გახსნას და გაანიავოს, ასვეე უნდა მიმართოს გაზის მიმწოდებელ კომპანიას.
„დახურულ სივრცეში ხდება გაზის გაჟონვაც და დაგროვებაც. თუ სადმე გასასვლელს იპოვის, გაზი გაიპარება, არაფერი მოხდება. დიდ დიღომში მდებარე კორპუსის ბინაში სარკმელი რომ ოდნავ შეღებული ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა.
მოქალაქემ ზამთარშიც და ზაფხულშიც ღიად უნდა იქონიოს სარკმელი. თუ სარკმელი ღია გექნებათ, თუნდაც სანახევროდ, იქ არანაირი უბედურება არ მოხდება, არც მოწამვლა, არც აფეთქება.
უნდა მოხდეს მთელი ქსელის ძალიან ღრმა და სერიოზული დიაგნოსტიკა, უნდა დაიდოს სურათი – რა მდგომარეობაშია ქსელი. ამის შემდეგ უნდა მოიძებნოს შესაბამისი დაფინასნება ამ პროექტის განსახორციელებლად. არის ამის შესაძლებლობები იგივე ევრვოკავშირის ფარგლებში ამის შესაძლებლობები, შეიძლება, მოიძებნოს. მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
სპეციალისტების თქმით, თუ იგრძნობა გაზის სუნი ელექტროხელსაწყოების გამოყენება ძალიან სახიფათოა – დენზე მომუშავე ხელსაწყოები ქმნიან ნაპერწკლებს, რამაც, ბუნებრივი აირის კონცენტრირებისას, შესაძლოა, აფეთქება გამოიწვიოს.
ექსპერტმა გიორგი ჭაღიაშვილმა სპეციალური დეტექტორების შესახებაც ისაუბრა.
„დეტექტორები ხელმისაწვდომია, რა თქმა უნდა, მაგრამ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს დეტექტორები ავტომატურ რეჟიმში სწორედ ვენტილებთან უნდა იყოს მიერთებული, როცა მოგვცემს სიგნალს, რომ გაზმა გაჟონა და საფრთხეა, ამ სიგნალით უნდა გადასცეს ვენტილს ინფორმაცია და ავტომატურ რეჟიმში ვენტილი უნდა ჩაიკეტოს. ეს არის უსაფრთხოების ავტომატიზირებული სისტემა.
მოქალაქეებს, პირველ რიგში ,უნდა ვუთხრათ – როცა სუნს იგრძნობენ , გაანიავონ და შემდეგ მიმართონ შესაბამის ორგანიზაციას, ამ შემთხვევაში „ყაზტრანსგაზს“, რადგან სხვა არ არსებობს. ისინი როგორც მოიქცევიან, იმათ იმედზე უნდა ვიყოთ ისევ, თუ რამე არ შეიცვალა“, – განაცხადა ჭაღიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე