ექსპერტი ენერგოუსაფრთხოებაზე: დადგა დრო, როცა ხმა უნდა ამოვიღოთ, ხელისუფლება ვაიძულოთ, ცვლილებებზე წავიდეს
დადგა დრო, როცა ენერგოუსაფრთხოებაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, საზოგადოება უნდა შევიკრათ და ეს პრობლემა გადავჭრათ. ხელისუფლება ვაიძულოთ, რაღაც ცვლილებებზე წავიდეს, – ამის შესახებ ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში გაზგაყვანილობის ქსელი სავალალო მდგომარეობაშია. ექსპერტის განმარტებით, საქართველოში არ არსებობს სამსახური, რომელიც კომპანიებს ზედამხედველობას გაუწევს, რაც დაუშვებელია.
„ბოლოდროინდელი მოვლენები და ფაქტები ცხადყოფს, რომ ქსელი არის სავალალო მდგომარეობაში. ორმაგი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს: როგორც მოქალაქის მიერ ბუნებრივი აირის უსაფრთხო გამოყენების თვალსაზრისით, ასევე მომწოდებელი კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქსელის სათანადო მდგომარეობა.
ზედამხედველობის სამსახური ამ მიმართულებით არ არსებობს. თავად ამ კომპანიებს აქვთ დავალებული ექსპლუატაციაც, ზედამხედველობაც, უსაფრთხოებაც და ა.შ. – ეს დაუშვებელია.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი” არის კერძო კომპანია, სახელმწიფომ მოახდინა მისი 100%-ით გასხვისება, აბსოლუტურად ჩამოიშორა პასუხისმგებლობა მასზე და ერთჯერადი გაყიდვით მიიღო ბიუჯეტში ერთჯერადი თანხა. შესაბამისად, კომპანია სრული ოპერირებისთვის გადასცა. ხოლო კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, ის თავის თავში ეძებს საშუალებებს, მაქსიმალურად დაზოგოს ხარჯები და მიიღოს მოგება. შესაბამისად, როდესაც კონტროლი არ ხორციელდება, მივედით ამ მდგომარეობამდე, სრული უპასუხისმგებლობა და კანონის გვერდზე ავლაა, მათ შორის ხელისუფლებების მხრიდანაც. აბსოლუტურად ყველა ხელისუფლება ასეთი კომპანიების მიმართ იჩენს ლოიალობას, ამიტომ პრობლემა გვაქვს, როგორც მონიტორინგთან, ისე აღსრულებასთანაც.
ჩვენ ხელისფლებას ვქირაობთ იმიტომ, რომ უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად წესიერი სერვისები მივიღოთ. ცივილურ სამყაროში, ევროკავშირს ვგულისმობ, მსგავსი კომპანიები 100 %-ით არაა გასხვისებული, რაღაც ბერკეტი აქვს ხელისუფლებას დატოვებული. ჩვენთან მახინჯი ფორმით მოხდა თავიდანვე, ყველანაირი ბერკეტი დავკარგეთ და ვიღებთ უპასუხისმგებლო ჩაკეტილ წრეს.
დადგა დრო, როცა ენერგოუსაფრთხოებაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, საზოგადოება უნდა შევიკრათ და ეს პრობლემა გადავჭრათ. ხელისუფლება ვაიძულოთ, რაღაც ცვლილებებზე წავიდეს“, – განაცხადა გიორგი ჭაღიაშვილმა.
შეგახსენებთ,16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
თამუნა შეყილაძე