როდის განახლდება სასწავლო პროცესის დღეს გაირკვევა
როდის განახლდება სასწავლო პროცესის მეორე სემესტრი დღის ბოლოს გაირკვევა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღის ბოლოსთვის უწყებას განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები ექნება, რომელზეც სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე იმსჯელებენ.
მინისტრმა მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გრიპის შემთხვევები შემცირდა, წითელასი კი, 2 კვირაში გაორმაგდა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, როგორც წესი, წითელას დაავადების ასეთ რაოდენობაზე სასწავლო პროცესის შეჩერების რეკომენდაცია არ არის, რადგანაც გრიპისგან განსხვავებით, ის სხვა სპეციფიკით ხასიათდება.
„იზომება ხოლმე, რამდენ პროცენტშია გავრცელებული – კონკრეტულ სკოლაში ბავშვების მესამედი არ უნდა დადიოდეს იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღის გადადების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გვექნება, რომელსაც საზოგადოებას მოვახსენებთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
1-ელი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების არეალი იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისშია.
ამასთან, წითელას საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის უფასო გახდება.
საქართველოში სასწავლო პროცესის განახლება, გრიპის ვირუსის გამო, 21 იანვარამდე იგეგმებოდა.