ზუგდიდში, H1N1-ის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1-ის ვირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ერთი კვირის წინ მოთავსდა.
„შუახნის ასაკის მამაკაცი ჩვენთან დაახლოებით ერთი კვირის წინ მოთავსდა. მას ორივე ფილტვის პნევმონია აღენიშნებოდა. იმავე დღეს კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა და დღემდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა“, – განუცხადა „კვირას“ სულხან ორჟონიამ.
პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ვირუსის არსებობა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა.