თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა.
“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაციას განაგრძობს. 2015 წელს ყველა ხიდთან მიმართებაში კვლევები ჩატარდა. ჩვენ გვაქვს უკვე სრული სურათი, თუ რომელი ხიდის რეაბილიტაცია არის პრიორიტეტული და ამის მიხედვით შესაბამის სამუშაოებს ვახორციელებთ. მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.
სამუშაოები დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშული ხიდი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომაც, მისი რეაბილიტაცია აუცილებელია. ჩემი თხოვნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, თუ როგორ იქნება მოძრაობა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და სამუშაოები როდიდან დაიწყება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები