ნაცვლიშვილი უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მილოცვაზე: ყველა ელოდება საპატრიარქოს პოზიციას

ყველა ელოდება საპატრიარქოს პოზიციას და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს მოხდება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მილოცვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
აღნიშნულ თემას ნაცვლიშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
„არანაირი გავლენები არ არსებობს. ზოგადად, არსებობს გარკვეული ინტერესები, საგარეო პოლიტიკა არ უნდა წარვმართოთ იდეოლოგიზირებულად. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაკავშირებული ამ ეროვნულ ინტერესებთან.
საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებამდე, თუ ჩვენს ეროვნულ ინტერესებში ჯდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, თუ ეს უკრაინელი ხალხს რამეს მოუტანს, მაშინ შეგვიძლია ეს გადაწყვეტილება მივიღოთ მყისიერად და შესაბამისად, დავასწროთ კიდევაც საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირებას. მაგრამ წესი ასეთია, რადგან ეს არის უფრო ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხი, ვიდრე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის საკითხი, პირველ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, სანამ ეკლესიის პოზიცია იქნება გაცხადებული, რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ და დავუთმოთ საპატრიარქოს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
ყველა ელოდება საპატრიარქოს პოზიციას და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს მოხდება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, დღეს განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.
აღნიშნულ საკითხს, ქადაგებისას 13 იანვარს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი გამოეხმაურა.
“პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ მილოცვაზე თავის შეკავება, არსებული ისტორიული და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ნამდვილად გულდასაწყვეტია და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ შორსმჭვრეტელურ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს”, – წერია მიტროპოლიტ იოსების განცხადებაში.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხს 11 იანვრის პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
„დღეს, მე როგორც კერძო პირი არ გესაუბრებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ, საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ რაღაცებს, რაღაც შედეგების გამო, რომელზედაც არ მინდა ახლა ხაზგასმა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება, არ შეიძლება, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.​
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე “პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები