დავით სერგეენკო: ქვეყანაში ჩამოსული “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა სამი მიმართულებით გადანაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თმით, ქვეყანაში ჩამოსული “ტამიფლუს” 13 000 სამკურნალო დოზა სამი მიმართულებით გადანაწილდება. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ რაიმე შეფერხება არ მოხდეს, აღნიშნული მედიკამენტის დამატებით მარაგს ერთ კვირაში კიდევ ჩამოიტანენ. მინისტრი დღეს, ანტივირუსული პრეპარატის, “ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესსაც დაესწრო.
„ჩამოვიდა “ტამიფლუს” დამატებითი რაოდენობა. ეს არის 13 000 კოლოფი, 13 000 სამკურნალო დოზა. უკვე დაიწყო მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილება ხდება სამი მიმართულებით. პირველია – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ რისკჯგუფებზე. ისინი ხვალ, 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში, იმისათვის, რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება, ხვალ, 12:00 საათამდე, რაიონებში სრულყოფილად აამუშაონ დისტრიბუცია.
მეორე მიმართულებაა აფთიაქები, რომელთა ჩამონათვალს და ადგილს გამოვაქვეყნებთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. ცხელ ხაზზე – 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან – რაიონებში.
მესამე მიმართულება არის – საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის “ტამიფლუს” უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამჟამად სტაციონარში 640 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები