“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა სია, რომელიც ახალი კრიტერიუმების შესაბამისი იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ შემუშავებული კრიტერიუმების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს ისეთი სია, რომელიც ამის შესაბამისი იქნება. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები და პარლამენტი.
„ორგანული კანონის დონეზე გაიწერება კონკრეტული კრიტერიუმები, რომელსაც უნდა მოერგონ შემდგომში მოსამართლეობის კანდიდატები. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარმოადგინოს ისეთი სია, რომელიც ამ კრიტერიუმების შესაბამისი იქნება. ამაში ბუნებრივია, ჩართული უნდა იყვნენ მოსამართლეთა კორპუსიდან იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, როდესაც კანონსა და და კრიტერიუმებზეა საუბარი – საქართველოს პარლამენტი. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ინტერესიც იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას არ შეექმნას საფრთხე, გაძლიერდეს და გაცილებით მაღალი იყოს და ამას უზრუნველყოფს კრიტერიუმების დადგენა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, ამ საკითხზე არსებობს დასავლური ქვეყნების გამოცდილება, რაზეც შესაბამის ფორმატში იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები