“პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არის ყველაზე რელევანტური და ადეკვატური”
ექსპერტ ნიკოლოზ მეტრეველის აზრით, მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პროცესის დაწყება “ქართული ოცნების” მკაფიო სიგნალია საზოგადოებითვის, იმისა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს ხალხის აზრს.
“მეც და ბუნებრივია, უამრავ ადამიანს გვაქვს საკმაოდ ბევრი, ძალიან მწვავე ლეგიტიმური კითხვა და ამ მხრივ დღევანდელი განცხადება, რაც კობახიძემ გააკეთა, იყო სწორედ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიო ნათელი სიგნალი, რომ “ქართული ოცნება” ეცდება და ცდილობს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს თითოეული ჩვენგანის აზრი, რაც მათი ერთ-ერთი დაპირება იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არის ყველაზე რელევანტური და ადეკვატური. მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორი მესიჯი მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. რაზეც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე – მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თითოეული მოქალაქის მეტი სწორი ინფორმირება”, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.