თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ შემდეგში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა!

„დარწმუნებული ვარ შემდეგში – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა!“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა და განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი, პარლამენტს კიდევ წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.
თამარ ჩუგოშვილი მიქაუტაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მე არ ვიცი საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში – მათი წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების, მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით, კომენტარი გიორგი მიქაუტაძემ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია – 10. ბუნებრივია, ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არ არის საკმარისი. კიდევ იქნება. რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი, პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია, ასე იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები