“ხაზარაძემ წერეთელს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი მისცა”

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო, შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ.
“კვირას” სანდო წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა ასე გამოიყურება: 2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე („სამგორი M“, „სამგორი თრეიდი“) „თიბისი ბანკმა“ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა „თიბისი ბანკისგან“ მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში „თიბისი ბანკმა“ ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ. შესაბამისად, უნარჩუნდებოდათ ვალდებულება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორსა და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისგან. ამისთვის კი, როგორც წყარო ამბობს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს პაატა ღაზაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია „Martello Group“, რომელმაც, „თიბისი ბანკის“ დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თანხმობით, გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები „თიბისი ბანკის“ მიმართ, ასევე, მოთხოვნები ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. „სხვა გარემოებებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბანკის გენერალური დირექტორი ბუცხრიკიძე დასთანხმდა – საქართველოში მოქმედი, წარმატებული, აქტივების მქონე კომპანიის ვალდებულებები გადაებარებინა ოფშორში ჩაკარგული, ქაღალდზე არსებული კომპანიისთვის, საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა იმის დასტურად, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და ტოპმენეჯმენტი საკუთარ ბანკს ძარცვავდნენ“, – ამბობს წყარო.
პროკურატურაში „თი-ბი-სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება 2019 წლის 8 იანვარს დაიწყო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი ბი სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია გამოითხოვეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები