“თამბაქოზე აქციზის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, რომ მწეველების რაოდენობა შემცირდეს”

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას.
მისი თქმით, თამბაქო ერთადერთი ლეგალური პროდუქტია, რომლის მოხმარებაც კლავს.
„ერთი საკითხი იყო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადის გათანაბრება. ეს ვალდებულება გვქონდა, როგორც ევროგაერთიანებასთან, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით. აქციზის მატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, რომ ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ თამბაქოს მოწევას, რადგან ეს არის ერთადერთი ლეგალური პროდუქტი, რომლის მოხმარებაც უბრალოდ კლავს, არანაირი სარგებელი არ აქვს. ამიტომ აქციზის გაზრდა არის ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდი, რეკლამისა და სპონსორობის აკრძალვასთან ერთად, რათა ერთის მხრივ, მწეველების რაოდენობა შემცირდეს და მეორეს მხრივ, ახალგაზრდები არ ჩაერთონ ამ მავნე ჩვევაში. მსოფლიოში ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდია“, – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ვალდებულება აქვს, 2024 წლისთვის ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზი 1,8 ევრო იყოს.
„კონკრეტული გათვლები არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ შემდეგი 15 წლის განმავლობაში გადავარჩენთ 35 000 ადამიანის სიცოცხლეს ნაადრევი სიკვდილისაგან და 2,2 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკური სარგებელი ქვეყნისთვის.
​ჩვენთან კონტრაბანდა 1 პროცენტზე ნაკლებია და მისი ზრდის არავითარი საშიშროება არ არსებობს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ “პირველ არხთან” საუბრისას.
ცნობისათვის, 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები