„ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს“

    ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მზად ვიყოთ ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გასატანად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ პროცესში, პირველ რიგში, ბიზნესმენების ინტერესების გათვალისწინება და დაცვა მნიშვნელოვანი.
„ჩვენ პრიორიტეტებად დავსახეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება და ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება. ეს პროგრამა მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და ხალხის მატერიალურ კეთილდღეობას. პროგრამის განხორციელებისათვის, პირველ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 46 მილიონი ლარი. თქვენ იცით, რომ სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ამ სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე.
ეს იქნება დამატებითი სტიმული ჩვენი ბიზნესმენებისათვის და მეწარმეებისათვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მზად ვიყოთ ევროპულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გასატანად. ამ პროცესში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესების გათვალისწინება და დაცვა, რადგან ევროპული ბაზარი იხსნება თქვენთვის, სწორედ თქვენ უნდა ისარგებლოთ ამ ბაზრით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტები ჩართული იყვნენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესებისა და ქვეყანაში არსებული ვითარების გაუთვალისწინებლად არ მოხდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის და სტანდარტების კოპირება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სასიკეთო ცვლილებებთან ერთად ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომელთა გადასაჭრელადაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.მისი განცხადებით, განვლილი თვეების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების ზოგიერთი საკითხი. ადგილობრივი მწარმოებლებისათვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენის პრობლემა.
„გარდა ამისა, მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, დახვეწა სჭირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმებს, რომლებიც უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლა ხანგრძლივ მუშაობას და სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მეგობრებო, ჩვენ წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რომელთა დაძლევა მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობით გაცილებით ეფექტიანად შეიძლება. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება მუშაობს საგადასახადო კანონმდებლობაზე. იმედი მაქვს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ისეთი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. გარდა ამისა, მოხდება საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში.
მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოებისათვის დაწესდეს დამატებითი საგადასახადო შეღავათები. მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საინვესტიციო პირობები არა მარტო საგადასახადო სისტემაში, არამედ ყველა მიმართულებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისა და ინვესტირების ხელშეწყობის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკა, სათანადოდ აისახოს კანონმდებლობასა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაში. ამისათვის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მონაწილეობა, თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური აღმავლობის პროცესში. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მთავრობის მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები