I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ემზადება

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლება გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში გაიარეს. წვრთნა ნატოს ოპერატიული შესაძლებლობის კონცეფციის ფარგლებში გაიმართა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონის შეფასება აშშ-ის გაერთიანებული „მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში“ (JMTC) განხორციელდა. პირველ ეტაპზე მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა, ნატოს ინსტრუქტორთა მეთვალყურეობით, „თვითშეფასების დონე-1“ (SEL-1 – Self-Evaluation Level-1) გაიარა. მეორე ეტაპზე – ნატოს შეფასების დონეზე „NEL 1“ ( NATO Evaluation Level-1) ქვედანაყოფმა მაღალი შედეგები მიიღო. უცხოელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფის შეფასების პროცესს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძეც დაესწრო. ქართველი სამხედროების მონაწილეობით ჰოჰენფელსში საშტაბო სწავლება “COMBINED RESOLVE 2” ჩატარდა.
პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების მრავალეროვნულ ქვედანაყოფს მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაური ხელმძღვანელობდა. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების სხვადასხვა მისიებში მონაწილეობისთვის მზადებას მე-12 ბატალიონის ასეული მრავალეროვნული საბრძოლო-საველე სწავლება „CALFEX“-ით დაასრულებს. გერმანიაში გამგზავრებამდე, ასეულმა საქართველოში ინტენსიური მომზადება გაიარა. 10 თვის განმავლობაში მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები და დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები შეისწავლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები