როგორ განვითარდა მოვლენები ზუგდიდის მეექვსე სკოლაში
დეტალები ზუგდიდის მეექსვე სკოლაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
დღეს, 18:00 საათზე განათლების სამინისტროს აუდიტის ხელმძღვანელს ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებით შესაბამისი კომიტეტის დეპუტატებისთვის დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი მოსმენა არ ისურვეს.
როგორ მოხდა ზუგდიდის მე-6 სკოლის შესწავლა: სამინისტროში შევიდა მოქალაქის (არაანონიმური) განცხადება მძიმე დარღვევების შესახებ (ფართების გაქირავება იჯარის გარეშე, ინტერესთა კონფლიქტი, ფინანსური და შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევები და სხვა), სამინისტრო იყო ვალდებული, წერილის სიმძიმიდან გამომდინარე, დაუყონებლივ დაეწყო შესწავლა. გამოვლინდა ყველა ის დარღვევა, რაც წერილში იყო მითითებული. სამეურვეო საბჭომ განიხილა, მძიმე დარღვევებზეც კი პირდაპირ მიუთითა, რომ გამოასწორებენ და დირექტორი არ გაათავისუფლა. დირექტორი არ გაუთავისუფლებია არც მინისტრს, თუმცა ამის უფლება მას ჰქონდა. სკოლამ დაიწყო მუშაობა, წლების განმავლობაში დაგროვილი დარღვევების მოკლე დროში აღმოფხვრა, ამის შესახებ აცნობა კიდეც სამინისტროს და შედეგი თითქმის მიღწეულია.
სხვა მძიმე დარღვევებთან ერთად, აუდიტის ხელმძღვანელმა კომიტეტზე გაასაჯაროვა ფოტოები, რომლებიც ასახავს სკოლაში არსებული სველი წერტილების მდგომარეობას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. აშკარაა, რომ მასწავლებლები სარგებლობდნენ სრულიად მოწესრიგებული, ხოლო მოსწავლეები მძიმე ანტისანიტარიის მდგომარეობაში მყოფი სველი წერტილებით. ფოტოები ასევე ასახავს, როგორი იყო ინფრასტრუქტურა შესწავლამდე და მის შემდეგ – მოკლე დროში როგორ აღმოფხვრა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები სკოლამ.
მოგვიანებით, სამინისტროში ჩატარდა ბრიფინგი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
როგორც თქვენთვის ცნობილია დღეს, პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა იგეგმებოდა, რის შესახებაც დეპუტატებისთვის ცნობილი იყო წინასწარ.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წევრებმა არ ისურვეს ჩვენი ანგარიშისა და კონკრეტული, შინაარსობრივი დეტალების მოსმენა, მათ შორის, არც ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ შესწავლასა და მის შედეგებზე. შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდათ.ჩვე
ნ საჭიროდ მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და გარკვეული დეტალები ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარების მიზეზებსა და მის შედეგებზე. ასევე, სკოლაში არსებული მდგომარეობის ამსახველი მასალა.
განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო მოქალაქის წერილისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ სამინისტროს რესურსცენტრისთვის მიმართვის – 2 ერთდროულად მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სტანდარტული პროცედურით.
სამინისტროში შემოსულ წერილში მითითებული იყო ისეთი საკითხები, რომლებიც საჭიროებდა დროში სწრაფ რეაგირებას – სკოლის ქონების უკანონო განკარგვა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევა, მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცვლელი ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვ. შესაბამისად, შესული წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შესწავლის არ-დაწყება სამინისტროს მხრიდან იქნებოდა კანონდარღვევა.
ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაში დაფიქსირებულია სკოლაში არსებული პრობლემების ნაწილი, რომელიც დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა. ეს პრობლემები აღიარა სკოლის ადმინისტრაციამ და მათი მოგვარებისთვის მუშაობა დაიწყო. მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია.
რაც შეეხება ინფორმაციას თითქოს, სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა – არის მიზანმიმართული სიცრუე. დირექტორი თანამდებობიდან არ გათავისუფლდა არც მინისტრის და არც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს წერილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით იყო ანონიმური, ან ყალბი.
რაც შეეხება სტატისტიკას – სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებებს. მხოლოდ 2018 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად, დაიწერა 98 დასკვნა, მითითება და გაფრთხილება მიეცა 49 სკოლას, გათავისუფლდა 9 სკოლის დირექტორი, ერთ სკოლაში მოხდა სამეურვეო საბჭოს დათხოვნა, ხოლო სამართალდამცავ ორგანოში გადაიგზავნა 20 კანონდარღვევის საქმე.
სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს აღნიშნული საქმის საფუძვლიანი შესწავლა. თუმცა, კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზირება და მათი პოლიტიკური სპეკულაციების საგნად გადაქცევა.
მოსწავლეების საპირფარეშო
მასწავლებლების საპირფარეშო