ურუშაძე მერიის აუქციონზე: თბილისის მერი ფიქრობს იმაზე, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი

თბილისის მერი ფიქრობს იმაზე, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი, – ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ ტაქსების რეფორმაზე მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. ურუშაძის თქმით, აუქციონის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებს.
“თბილისის მერი ფიქრობს იმაზე, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი. სხვა მოტივი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. სერვისი, რომელიც მომგებიანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, იღებს გადაწყვეტილებას, გადასცეს 20-წლიანი ექსკლუზიური უფლებით სხვა კომპანიას მინიმალურ თანხად – 12 მილიონად. რა თქმა უნდა, ეს არის პრიმიტიული, დრომოჭმული სქემა. ეს სქემა არის დაგეგმილი თავად თბილისის მერის ან მისი მაღალჩინოსნების მიერ. აქ არის საუბარი პირად ინტერესებზე. ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და სამსახურეობრივ გულგრილობას, რაც ასევე, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არანაკლებ ისჯება, ვიდრე კორუფციული გარიგება. 9-დღიანი აუქციონი მიუთითებს იმაზე, რომ სხვა კომპანიებს ფიქრის დროც არ დარჩენოდათ.
ჩვენი ბერკეტი არის სასამართლო და იურისტებთან გვაქვს კონსულტაცია გასასაჩივრებლად. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს არ უწყობს არც ქალაქის განვითარებას, არც სატრანსპორტო კომპანიის და არც საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეს პირდაპირ ემსახურება გარკვეული თუ გაურკვეველი პირების პირად ფინანსურ ინტერესებს. რა ბერკეტებიც გაგვაჩნია, მას გამოვიყენებთ, მივმართავთ სასამართლოს. ვფიქრობ, კახა კალაძისთვის ეს საქმე შეიძლება ერთ-ერთი აღმოჩნდეს, რომელიც მის კარიერას ძალიან ცუდად დაასრულებს ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე აუქციონი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკმაოდ მოკლე პერიოდი აქვთ განსაზღვრული, აუქციონი 19 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს სრულდება. სამაგიეროდ, აუქციონში გამარჯვებული კომპანია რეკლამის განთავსების გრძელვადიან – 20-წლიან, ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისათვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი „ბე”-ს სახით უნდა გადაიხადოს. ამასთან, საპრივატიზებო თანხა – 11847124,99 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები