ირაკლი ალადაშვილი: კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიწვია ექსპერტები და საერთო აზრის შეჯერება მოხდა
ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მისი თქმით, კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიწვია ექსპერტები და საერთო აზრის შეჯერება მოხდა.
„ეს დოკუმენტი დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი. კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიწვია ექსპერტები და საერთო აზრის შეჯერება მოხდა. ბევრი საინტერესო კითხვა გაჩნდა და მე მგონი ეს დოკუმენტი დამუშავდება და ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში“, – განაცხადა ალადაშვილმა.
სტრატეგიის თაობაზე შეფასება გააკეთა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
„თუ ეს გახდება ხელისუფლების მთლიანად სახელმძღვანელო და დოკუმენტი, თუ ამის ქვემოთ იქნება გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედოს, არამხოლოდ სუს–მა, არამედ ხელისუფლებამ საერთოდ, მაშინ ეფექტური იქნება ბევრად და ასე ვთქვათ, ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და რისკები ბევრად უფრო შემცირდება“, -აღნიშნა არეშიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.