ხათუნა ლაგაზიძე: სუს-ის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია, ამ მიმართულებით გადადგმული პირველი კვალიფიციური ნაბიჯია

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სუს-ის წარმომადგენლების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის პირველი ეროვნული სტრატეგიის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას აფასებს. მან აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი კვალიფიციური ნაბიჯია.
“გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სფეროს ექსპერტებისთვის მოაწყო პრეზენტაცია ტერორიზმთან ბრძოლის პირველი ეროვნული სტრატეგიისა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდა.
ამ ფაქტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთა:
1. უპირველესად ის, თუ რამდენად საჭიროა სახელმწიფოსთვის ამგვარი კონცეპტუალური, ხედვები და საბაზისო დოკუმენტები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა უშიშროების საბჭოს არარსებობის პირობებში ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტების გარეშე ფუნქციონირებს, როგორიცაა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია. მისასალმებელია, რომ ეს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი კვალიფიციური ნაბიჯია;
2. საინტერესოა ისიც, რომ ვიღაცა მიხვდა ამ ქვეყანაში, თუ რატომ არის საჭირო სახელმწიფო სტრუქტურების გახსნილობა ამგვარი კონტაქტებისთვის, რომ ექსპერტული წრეები რჩევის მიცემისა და გამოცდილების გაზიარებისთვის არსებობენ და არა – მტრობისთვის. ნიშანდობლივია, რომ ამგვარი თანამშრომლობის მაგალითი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჩვენა.
3. სახელმწიფოს უსაფრთხოების ინსტიტუტებისა და ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხში, როგორიც არის ტერორიზმის საფრთხის არსებობის პირობებში საზოგადოების და მათ შორის, მედიის სოლიდარობის გაზრდა სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების მიმართ.
მოკლედ, პირველი საინტერესო პრეცედენტი შედგა”, – წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები