“მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია”
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემიზმის, რადიკალიზაციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია, – ამის შესახებ საქარველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ განაცხადა.
„ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსტრემიზმის, რადიკალიზაციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებობდეს სახელმწიფო სტრატეგია, შესაბამისად, მისასალმებელია უშიშროების სამსახურის ნაბიჯი, რომ ეს დოკუმენტი, უფრო სწორედ მისი პირველადი მონახაზი, განხილულ იქნას სამოქალაქო სექტორთან“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შეაფასა “სტრატეგიის ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა, გიორგი თარგამაძემაც.
„არამხოლოდ ამ დოკუმენტის შემუშავებას, არამედ ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესის კიდევ უფრო მეტად გახსნილობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავიზარდოთ, სიმწიფის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა, საზოგადოებამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის კუთხით და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ერთმანეთის არათუ მტრები, მოწინააღმდეგეებიც არ ვართ, განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც ანტიტერორისტული პოლიტიკა და ღონისძიებებია“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.