სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ალიანსის წევრი ქვეყნების შტაბის უფროსებს საქართველოს შეიარაღებული ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და ქართული სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების გეგმები განიხილეს. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხეობის გარემოსაც. ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების 171-ე შეხვედრის ფარგლებში, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მოკავშირეთა ევროპული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ფილიპ ბრიდლოვთან გამართა შეხვედრა.
საუბრისას მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერლებმა ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტრიბუციისა და 2014 წლის შემდეგ მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა” (Resolute Support Mission) საქართველოს მონაწილეობაზე იმსჯელეს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პოლონეთისა და ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო წარმომადგენლებსაც შეხვდა. გენერალური შტაბის უფროსმა უცხოელ კოლეგებთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.