„ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ქიმიური ნაერთი რეგისტრაციას დაექვემდებარება“ – რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

სავალდებულო იქნება, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, ნაერთი რეგისტრირებული იყოს, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„ქვეყანაში ძირითადად შემოდის ქიმიური ნაერთები, ნივთიერებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ქიმია, სხვადასხვა საღებავი და ა.შ. სამწუხაროდ, დღეს კანონმდებლობაში არ გვაქვს მკაფიოდ გაწერილი რეგულაციები. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ შევქმნათ ეს კანონმდებლობა. ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ქიმიური ნაერთი უნდა დაექვემდებაროს რეგისტრაციას. უკვე არსებობს ევროკავშირში რეესტრი, სადაც ხდება აღიარება ამ ნივთიერების, ნაერთის. იქ არის კონკრეტული დეტალები მოყვანილი, ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება, ნაერთი რას შეიცავს. ჩვენ კანონი პროექტის დონეზე გვაქვს. შემდგომში აქ ჩაერთვება ყველა დაინტერესებული უწყება, ესენია: შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ერთობლივად განიხილავენ ამ კანონპროექტს. ჩვენ სავალდებულო გვექნება, რომ ქვეყანაში ნებისმიერი ქიმიური ნივთი, ნაერთი უნდა იყოს რეგისტრირებული და ამ რეგისტრაციის შემდგომ მოხდება ქვეყანაში ამ ნივთიერების შემოტანა. არსებობს გარკვეული აკრძალვებიც. არის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს. შესაძლებელია იყოს გარკვეული აკრძალვები. რაღაც ნაერთი, ნივთიერება არ შემოვიდეს ქვეყანაში. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეს მომხმარებელმა, საყოფაცხოვრებო ქიმიას დავუბრუნდები, როცა მოვიხმართ ამა თუ იმ პროდუქციას, შესაძლებელია ინფორმაცია, რომელიც შეფუთვაზეა დატანილი, არ შეესაბამებოდეს რეალობას. შემცველობასთან დაკავშირებითაც იქნება კონტროლი. მომხმარებელს ეცოდინება კონკრეტული ნივთიერება, ნაერთი რას შეიცავს, რამდენად სანდოა, რომ მოიხმაროს ან როგორ მოიქცეს გარკვეული ექსცესების დროს”,- განაცხადა კორკოტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები