მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს

დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე „ელჩების კონფერენცია 2018″ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, ჩვენს მეგობრებს! განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს – რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერს, ქალბატონ ქრისტინა ლესნიკს და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრს, ბატონ ვადიმ ჩერნიშს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყნები და მთლიანად ჩვენი რეგიონი. ჩვენ ყველას საერთო სურვილი გვამოძრავებს და უმთავრესი მიზანი გვაერთიანებს – ეს არის ჩვენი ქვეყნების თავისუფლება, წინსვლა და განვითარება. დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და როგორი მაღალი რისკების შემცველია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისა და მცირე სახელმწიფოსათვის. საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაც საფუძვლად უდევს რეფორმებისა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
“ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და მაქსიმალურად დავნერგოთ ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად აქცევს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო 5 პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციული არჩევანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. და ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება. ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული საქმიანობა გისურვოთ. როგორც იცით, წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ბრიუსელში გავმართეთ უნიკალური ფორმატის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და კოლეგა ევროკომისრებთან. ამ ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ევროკომისართა ფართო შემადგენლობა მონაწილეობდა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. ასევე ხაზგასასმელია 11-12 ივლისს გამართული ნატოს ბრიუსელის სამიტი, როდესაც პირველად მოხდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ნატოს მხრიდან. სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. ჩვენმა მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები” , – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები