კამპანიის „არა ბულინგს“ ფარგლებში გამარჯვებული ვიდეორგოლები გამოვლინდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე კამპანია „არა ბულინგს“ საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსით დასრულდა.
თემაზე „არა ბულინგს, არა იარაღს“ მომზადებული 20 ვიდეორგოლის ჩვენება მთავარ პროკურატურაში მოეწყო.
ვიდეორგოლები, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ხელმძღვანელობით, სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი, ფსიქოლოგი ეკატერინე თავართქილაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.
კონკურსზე საქართველოს მასშტაბით სამი გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდა. პირველი ადგილი დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილზე ქ.სენაკის მე-7 საჯარო სკოლა დასახელდა. საქართველოს პროკურატურის რჩეული კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლა გახდა.
კონკურსში გამარჯვებულები ვიდეოკამერით, მუსიკალური ცენტრით და ფოტოაპარატით დასაჩუქრდნენ, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს სპეციალური სიგელები და თემატური მაისურები გადაეცათ.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კამპანია „არა ბულინგს“ 10 დეკემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები საქართველოს 7 ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები