ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

იტალიის დედაქალაქ რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის – Global Soil Laboratory Network (GLOSOLAN) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიიღეს.
შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა GLOSOLAN-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდების დანერგვას გულისხმობს. ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის წევრ ლაბორატორიებს მონაცემების გაცვლის და მიღებული შედეგების ჰარმონიზაციის საშუალება ექნებათ. GLOSOLAN-ის ფარგლებში, ლაბორატორიათაშორისი ხარისხის კონტროლის სისტემა შეიქმნა, რომელიც ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის სიზუსტის და მიღებული შედეგების სარწმუნოობის ზრდისკენ იქნება მიმართული.
GLOSOLAN-ის წევრ ლაბორატორიებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარში მიიღონ მონაწილეობა, რაც ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და კვლევის უახლესი მეთოდების დანერგვას შეუწყობს ხელს.
ნიადაგის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელი 2017 წელს FAO-ს ინიციატივით შეიქმნა და მასში პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად 100-ზე მეტი ლაბორატორიაა გაწევრიანებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები