ზაალ ანჯაფარიძე: ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტებს ინაუგურაციაზე წარმოუთქვამთ

ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტებს ინაუგურაციაზე წარმოუთქვამთ, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვას ინაუგურაციაზე.
ანჯაფარიძის თქმით, იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტი ერთგვარი გამაერთიანებელი ფიგურა ყოფილიყო.
„მან მოიხსენია საქართველოს ყველა პრეზიდენტის წვლილი და დამსახურება ქვეყნის განვითარებაში. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ის არის ერთგული იმ პრინციპების, რა პრინციპებითაც უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის მთავარსარდალმა. ასევე, ჯარის მიმართულებითაც იყო გაკეთებული მნიშვნელოვანი მინიშნებები. სიტყვა თავისი შინაარსით და პათოსით, სავსებით შესაბამისი იყო იმ ფუნქციებისა, რა ფუნქციებიც პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით ეკისრება“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და დეკმოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.
„ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შემოდის და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ შევეგუებით!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები