გია აბაშიძე: ოპოზიციური მუხტი დაღმასვლაშია

ოპოზიციური მუხტი დაღმასვლაშია. გუნდშიც შიდა განხეთქილებებია უკვე, – ასე შეაფასა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური საპროტესტო აქციები.
როგორც აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასშტაბური აქციები არ იქნება, თუ ხელისუფლება შეცდომებს არ დაუშვებს.
„ოპოზიციური მუხტი დაღმასვლაშია. გუნდშიც შიდა განხეთქილებებია უკვე, ისინი ერთმანეთს აბრალებენ თავიანთ ჩავარდნებს, ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ. მე არ ველოდები მასშტაბურ აქციებს, თუ თავად ხელისუფლება არ დაუშვებს შეცდომებს. ხელისუფლებამ გუშინ არ დაუშვა შეცდომა, უბრალოდ იყო გარკვეული ღონისძიებები, ვგულისხმობ, გარკვეულ შეზღუდვებს, ეს ელემენტარულია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
რაც შეეხება კანონიერად არჩეული პრეზიდენტის დევნას, მათ უკვე კანონთან ექნებათ პრობლემა. თუ ისინი დაარღვევენ კანონს, მიაყენებენ შეურაცხყოფას პრეზიდენტს, სხვა ობსტრუქციებს მოაწყობენ, ბუნებრივია, ველოდებით სამართალდამცავებისგან შესაბამის პასუხს. რამდენს ირბენენ, რამდენს იყვირებენ, რამდენს წამოწვებიან – ეს უკვე მათი საქმეა, მათ გადაწყვიტონ, რა დოზით და რა მასშტაბით, რამდენად მოუნდებათ, განსაკუთრებით, ტელეკამერების წინ ამის გაკეთება. მაგრამ, ველოდები რომ სამართალდამცავები აუცილებლად გასცემენ ადეკვატურ და დროულ პასუხს”, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ პერმანენტული აქციები დააანონსა.
„გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლება კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს, მოვითხოვთ კომისიაში ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ჩაყარა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები