„ემზარ კვიციანი კოდორის ხეობას იცავდა, სააკაშვილმა კი ხეობა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცა“

„სააკაშვილმა კოდორში ჯარები შეიყვანა, პიარი გააკეთა, აფხაზეთს ვაკონტროლებო, ხოლო 2008 წელს უბრძოლველად გადასცა ხეობა რუსებს“, – ამის შესახებ შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მამალაძე პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის პატიმრობის გახანგრძლივებას ეხმაურება. როგორც მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ემზარ კვიციანი და მისი და ნორა კვიციანი კოდორის მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთში ერთადერთ პლაცდარმს იცავდნენ. მისი თქმით, კოდორში საქართველოს ჯარი ოფიციალურად ვერ შეჰყავდათ, ამიტომ ხეობის დასაცავად ერთადერთი გამოსავალი ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღება იყო. მამალაძის თქმით, კვიციანი სწორედ ასე მოიქცა და შეიქმნა გაერთიანება “მონადირე”, ხოლო როგორც კი სააკაშვილმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, კვიციანების მხარდაჭერის ნაცვლად კოდორიდან მათი გამოდევნა დაიწყო.
„ძვირფასო მეგობრებო! ემზრ კვიციანს პატიმრობა გაუგრძელეს კიდევ 1 თვით. ყველას მინდა შევახსენო, რომ ემზარი და მისი და ნორა კვიციანი კოდორის მოსახლეობასთან ერთად იცავდნენ ჩვენს ერთადერთ პლაცდარმს აფხაზეთში. საქართველოს ჯარი იქ ოფიციალურად ვერ შეყავდათ, რადგან რუსეთის სამშვიდობო მისიის ზონაში იყო მოქცეული და ოფიციალური შენაერთების იქ შეყვანა სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა, რაც ჩვენი მოსახლეობის გამოდევნის საფრთხეს შექმნიდა. ერთადერთი გამოსავალი იყო ადგილობრივი მოსახლეობის შეიარაღება და ხეობის დაცვა. ასეც შეიქმნა გაერთიანება “მონადირე”, რომელიც ფაქტობრივად სამხედრო ქვედანაყოფი იყო, თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ემზარ კვიციანი კი პრეზიდენტის რწმუნებულად დაინიშნა ხეობაში. ვერც აფხაზები და ვერც რუსები ვერ ბედავდნენ კოდორის აღებას, რადგან მათ ადგილობრივ მოსახლეობასთან მოუწევდათ დაპირისპირება.
როგორც კი სააკაშვილმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, კვიციანების მხარდაჭერის ნაცვლად მათი გამოდევნა დაიწყო კოდორიდან, საზოგადოება “მონადირე” კი კანონგარეშე გამოაცხადა, კოდორში მათი დაპატიმრება დაიწყო. ემზარ კვიციანი ხეობის დაცვას შეუდგა და მაშინვე გამოაცხადა, რომ მიშას კოდორის ჩაბარების გეგმა აქვსო. მართლაც, ასე განხორციელდა, სააკაშვილმა იქ ჯარები შეიყვანა, პიარი გააკეთა, აფხაზეთს ვაკონტროლებო, ხოლო 2008 წელს უბრძოლველად გადასცა ხეობა რუსებს მთელი შეიარაღებით. კოდორიდან სამხედროები თბილისში ოჩამჩირისა და გალის გავლით დაბრუნდნენ. ემზარ კვიციანმა არ დაღვარა ძმათა სისხლი, მიშამ კი ის რუსების ტყვეობაში ჩააგდო, ნორა კვიციანი და სხვა კოდორელები დააპატიმრა, გაუგონარ რეპრესიებში გაატარა ყველა.
ემზარი 7 წელი დევნილობაში იმყოფებოდა და ახალი ხელისუფლების მოსვლიდან იმედი გაუჩნდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. თავისი ინიციატივით დაბრუნდა თბილისში, ჩამოსვლისთანავე ის დააკავეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პირი, რომელიც არ გაურბის ძიებას და არ მიიმალება, ძიების პროცესში პატიმრობაში მისი ყოფნა არ არის აუცილებელი. ემზარი თავისით ჩამოვიდა, ძიების ბოლომდე მისაყვანად. პროკურატურამ განაცხადა, რომ ელოდებიან ექსპერტების დასკვნას. პროკურატურას მომართა ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა კვიციანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მაგრამ პროკურატურის მოთხოვნით სასამართლომ ემზარი პატიმრობაში დატოვა. იბადება უამრავი კითხვა. 1.რატომ არის დაინტერესებული დღევანდელი ხელისუფლება კვიციანის პატიმრობით, მაშინ როცა ემზარ კვიციანი მიმალვას არ აპირებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან? პროკურატურას თავისუფლად შეეძლო დალოდებოდა ექსპერტების დასკვნას, ემზარი კი გაეშვათ თავის ოჯახთან შიდა პატიმრობაში. 2. რატომ უპირისპირდება კვიციანს ოქრუაშვილი? ის არის გარეთ, ემზარი კი ციხეში. 3. სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა დღევანდელ ხელისუფლებას, აბუჩად აიგდო პროკურატურის მოთხოვნა ჟვანიას საქმეზე დაკითხვასთან დაკავშირებით. სააკაშვილის მიმართ საქმე არ აღძრულა და ძებნაც არ გამოუცხადებიათ. ეს თამაშია თუ ხელისუფლების სისუსტე? 4.ემზარ კვიციანი კოდორის ხეობას იცავდა, სააკაშვილმა კი ხეობა მოწინააღმდეგე მხარეს გადასცა. ვინ არის დამნაშავე?“, – წერს მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები