დმანისის მერი: “რუსთავი-2” იტყუება, ზურაბიშვილს 44-ე უბანზე 84 ხმა აქვს მიღებული და 124 როგორ გაყალბდა?
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, „კვირასთან“ საუბარში „რუსთავი 2“-ის ეთერში, საარჩევნო უბნებზე გასულ სიუჟეტზე საუბრობს და ტელეკომპანიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
კერძოდ, საქმე ეხება შაბათის „კურიერში“ გასულ კადრებს, სადაც საუბარია, რომ დმანისის 44-ე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 124 ბიულეტენი გაყალბდა.
როგორც გიორგი ტატუაშვილი ამბობს, აღნიშნულ უბანზე სალომე ზურაბიშვილს ხმა სულ 84-მა ამომრჩეველმა მისცა და ამას ცესკოს ოქმიც ადასტურებს.
„რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ, საარჩევნო უბნებზე გასული სიუჟეტი არის სრული ფაბრიკაცია. საჭიროა ვიმსჯელოთ ფაქტებით – ჩვენ გადავამოწმეთ ფაქტები, შევედით ცესკოს საიტზე და დმანისის 44-ე უბნის შედეგებით, უბანზე მოსული არის 141 ადამიანი, აქედან 84 სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია, ხოლო 40-მა ადამიანმა ხმა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს მისცა, ხოლო 17 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი“, – აღნიშნა მერმა.
დმანისის მერი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა ეთიკის საბჭო აღნიშნული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.
„როგორც ყოველთვის „რუსთავი 2-ს არ აქვს პრობლემა და არ აინტერესებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ეთიკის საბჭომ დიანა ჯოჯუა და „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი გააფრთხილა 1-ელი და 11-ე პრინციპის დარღვევისთვის, ეს არის ფაქტების დამახინჯება და არასრულფასოვნად წარმოჩენა. ჩვენი სურვილია, რომ ჟურნალისტთა ეთიკის საბჭომ ამ საკითხზე იმსჯელოს, იმიტომ რომ როდესაც სიუჟეტს აკეთებ, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ გადავამოწმეთ და ეს ყოველივე აღმოჩნდა სიცურე, ანუ მედიასაშუალება ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. თუ ამბობენ, რომ 124 ბიულეტენი გააყალბეს, ოქმში წერია, რომ სალომეს სულ 84 ხმა აქვს მიღებული ამ კონკრეტულ უბანზე. შესაბამისად, „ნაცმოძრაობა“ რასაც ამბობს არის ტყუილი“,- აცხადებს გიორგი ტატუაშვილი.
მისი თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასული კადრების ავთენტურობა დასადგენია.
„რაც შეეხება კადრებს – ვინ საუბრობს და რას საუბრობს, გასარკვევია, ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასადგენია. ფაქტია, რომ რაც გადავამოწმეთ პირველივე ეპიზოდში რუსთავი 2 იტყუება, ანუ ფაქტებს კი არ ამხინჯებს, პირადაპირ იტყუება“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბარში დმანისის მერმა.