მარიამ ჯაში: საქართველო და საფრანგეთი ერთად წარვადგენთ რეკომენდაციას საერთაშორისო საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნის თაობაზე

ყოველდღიურად იზრდება ინოვაციური დაფინასების ტექნოლოგიები და ჩვენ, საქართველო და საფრანგეთი, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან ერთად, წარვადგენთ რეკომენდაციას, რომ შეიქმნას საერთაშორისო საკოორდინაციო სტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ზოგად კოორდინაციას გაწევს, არამედ იქნება უფრო აქტიურად ჩართული როგორც დაგეგმარებაში, ასევე პროგნოზირებაში, ანალიზში და შეფასების პროცესში ინოვაციური დაფინასების სხვადასხვა მექანიზმის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა მარიამ ჯაშმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული შემაჯამებელი პანელური სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საერთაშორისო ფორუმის (TISIFF 2018) – „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად” შემაჯამებელი სესიის მონაწილეებმა მოისმინეს ოთხ პარალელურ სესიაზე შემუშავებული რეკომენდაციები. პირველი სესიაზე რეკომენდაციები შეიმუშავეს პარლამენტებისა და მთავრობის წარმომადგენლებმა, მეორე სესიაზე – ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, მესამე სესიაზე – სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და მეოთხე სესიაზე- საერთაშორისო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლებმა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ყველა ეს მოსაზრება გათვალისწინებული იქნება თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმის 2018 წლის რეკომენდაციებში, რომელიც დასრულდება წლის ბოლოსთვის და შემდგომ, უკვე ინოვაციური დაფინანსების პარიზის სამიტის სახელით წარდგენილი იქნება აღნიშნული რეკომენდაციები გაეროს გენერალური მდივნის ოფისში.

„რადგან ჩვენ გლობალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რეკომენდაციები ძირითადად ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსება გაძლიერდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ყოველწლიურად საშუალოდ 2.5 ტრილიონი ამერიკული დოლარის დეფიციტი არსებობს დაბალი შემოსავლის ქვეყნებში. ასევე, რა შეიძლება გაკეთდეს გლობალურ, რეგიონალურ და ქვეყნის დონეზე, რომ ეს ფინანსური დეფიციტი შეივსოს და რა მექანიზმები არსებობს.

ერთ-ერთი კარგი მაგალითი ინოვაციურიო დაფინანსების მექანიზმის არის საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომელიც უკვე 5 წელია მუშაობს და 15 მილიონი ლარის მობილიზაცია მოახდინა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. არსებობს მექანიზმების მეორე მიმართულება, რომელსაც ეწოდება ე.წ. სოციალური ინვესტიციები, როდესაც კერძო სექტორის ინვესტიცია ხდება კონკრეტული სოციალური ან საზოგადო სიკეთის შესაქმნელად. და მესამე არის ბლოქჩეინის ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების მობილიზაციის, არამედ სახელმწიფო ან საერთაშორისო პროგრამების ადმინისტრირების ხარჯების შემცირების”,-აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა მარიამ ჯაშმა.

ხვალ, ფორმის ფარგლებში TISIFF 2018-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ექსპერტთა საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები