გიორგი ბოტკოველი: ჩვენ ზუსტად იქ ვაპირებთ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე საპროტესტო მანიფესტაციას

„ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ამასთან, ბოტკოველი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თელავის მერიამ მათ აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი მიუთითა, ისინი მაინც სწორედ იქ გამართავენ აქციას, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაცია არის დაგეგმილი.
„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, პირველ რიგში, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ოპოზიციამ თელავის მერიას მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ტერიტორიის გამოყოფის მიზნით ორი დღის წინ მიმართა. მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული. ცნობისათვის, 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები