ჯეიმს აპატურაი: სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს მივესალმები
ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა, რომ მათ ნატო–საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს მიესალმება, რომელზეც მან „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
„ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მე ვისაუბრე ჩვენს პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის მიმართ ნატო-ს ურყევ პოზიციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე. მე მივესალმე არჩეული პრეზიდენტის გზავნილებს, რომლებზეც მან „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გაატარებს, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს მოხდეს.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლარიზებულ გარემოზეც, რაც საქართველოშია. ამ თემით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საუბარი, აგრეთვე გეგმებზე პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის შესახებ, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში. მინდა სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.