კახა კალაძე: ინფორმაცია, თითქოს საბავშვო ბაღების კვების ტენდერი არ შედგა, ტყუილია
თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტების მომარაგებას ეხებოდა.
მერის განცხადებით, ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხზე ტენდერი არ შედგა, სიცრუეა.
„მინდა, შევეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიცრუეებს, რომელსაც ვეღარ ავუდივართ. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებთ ისე, რომ მათ ტყუილებზე პასუხის გაცემა არ მოგვიწიოს. რადგან მე პასუხისმგებელი ვარ მერიაზე და მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, ვალდებული ვარ, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო. ასევე, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, ამ ტელეკომპანიას არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ, რადგან ამას საზოგადოება ისმენს და სიმართლე ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა მოხდეს რეაგირება. სხვათა შორის, კვლევის თანახმად, „რუსთავი 2“-დან მოწოდებული ინფორმაციის 79% სიცრუეა. სიუჟეტში საუბარი იყო, თითქოს, საბავშვო ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი საკვების გარეშე დარჩა. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ტენდერი დღეს დასრულდება და იქიდან გამომდინარე, რომ ის დახურულია ვინ ღებულობდა მონაწილეობას ვერ გასაჯაროვდება.
„ტენდერი დღეს მთავრდება და გამარჯვებული კომპანია სწორედ დღეს გახდება ცნობილი. ახლაც კი შეუძლებელია, მასში მონაწილეების ვინაობა ვნახოთ, რადგან ტენდერი დახურულია. გამარჯვებული კომპანია პროცედურების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ჩვენ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. მე, პირადად, ვალდებული ვარ, ჩვენი მოსახლეობის, ამომრჩევლის წინაშე, ყოველთვის სწორი ინფორმაცია მივაწოდო მათ და წვდომა ჰქონდეთ იმ საკითხებზე, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.