კახა კალაძე: საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა. როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, სად და როგორ განთავსდება ცენტრალური ნაძვის ხეც.
“28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა საახალწლო სოფელი, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები და საშობაო ბაზრობა.
ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება პასუხი და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მან საახალწლო კონცერტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე 500 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. ხოლო, რაც შეეხება გალა კონცერტს, კალაძის თქმით, მისი კონცეფცია სამ ნაწილად დაიყოფა.
“ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, აქაც ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას იმისიანებად და ამისიანებად. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში.
რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ორკესტრთან ერთად, შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა. საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები