ოთარ ჩრდილელი: რატომ არ იღლებით ხალხო, ამდენი ტყუილის მოფიქრებით და ნეგატივით
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი, საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციას.
როგორც მან სოციალურ ქსელში განმარტა, გაეროს გლობალურ მიგრაციულ პაქტს საქართველომ მოაწერა ხელი, მაგრამ ეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხია და არა ის, რომ თითქოსდა, ჩვენ 200 ათასი ლტოლვილი უნდა მივიღოთ.
დეპუტატის თქმით, სიცრუის სერიალია, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების მიყიდვის საკითხიც.
“რატომ არ იღლებით ხალხო, ამდენი ტყუილის მოფიქრებით და ნეგატივით?!
ჯერ იყო და ვალები არ განულდებაო, შემდეგ მიწებს ყიდის მთავრობაო.
ახლა კიდე გაეროს მიგრაციულ პაქტს გუშინ საქართველო მიუერთდა, ამერიკა და ავსტრალია არა, შესაბამისად 200 ათასი ლტოლვილი ჩვენ უნდა მივიღოთო და არის გინება, წყევლა-კრულვა.
დამშვიდდით, არავითარი 200 ათასი ლტოლვილი… პირიქით წერია იმ ტექსტში, ერთობლივად ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციასო…პირიქით, პირიქით.
ამერიკა იმიტომ არ მიუერთდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაა, არავისთან მიერთება არ მინდა ამ თემაზე, საკუთარი ძალებით გავუმკლავდებითო…
ავსტრალია იმიტომ არ მიუერთდა, რომ კუნძულია. დანარჩენები არ ვიცი …
მიწების “გაყიდვის” არ იყოს, ქარიშხალია ჭიქაში…სიცრუის სერიალია რა.
P.S. ყველაფერს ნუ იზიარებთ მეგობრებო, ხალხი 2020-ისთვის ემზადება, მარგინალები პოპულისტობენ, ათასი ჭკუის ადამიანია, ზოგს დაწერილისგან შინაარსი ვერ გამოაქვს, ზოგს გამოაქვს და სპეციალურად მავნებლობს.
ასეთ ტიპებს, რომლებიც ფეიკებს ავრცელებენ სისტემატურად – ნუ უწევთ ტირაჟირებას…”, – წერს ოთარ ჩრდილელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.