დავით სერგეენკო: 2019-2020 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენებაა დაგეგმილი
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში მყოფ სოფლის ექიმებს ხელშეწყობა ექნებათ იმისათვის, რომ მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მათ მეტი დახმარების აღმოჩენა შეეძლოთ ადგილზე.
როგორც მან აღნიშნა, 2019-2020 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენებაა დაგეგმილი.
„ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით ეს რამდენიმე ეტაპია, რომლის განხორციელებაც ერთდროულად დაიწყო. ერთის მხრივ, ეს არის მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ადამიანების სოციალური მხარდაჭერა, მეორეს მხრივ ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ მაგალითად, დიპლომის შემდგომი განათლება მიიღონ ახალგაზრდა ექიმებმა, რომლებიც ამას ფინანსური ბარიერის გამო ვერ ახერხებენ. ამას უკვე სამინისტრო უფინანსებს. მესამე მიმართულება ეს არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს განვითარებული.
მთლიანად, საქართველოს მასშტაბით 400 ამბულატორიის რეკონსტრუქციაზე ან ახლის აშენებაზე არის კონკრეტული გეგმა 2019-2020 წლის განმავლობაში. საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ასევე სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი იყოს და მეტი დახმარების აღმოჩენა შეძლონ ადგილზე, ისევე, როგორც ხელს შევუწყობთ მაღალი გამავლობის სამედიცინო ტრანსპორტით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.