მამუკა ბახტაძე: მთაში საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის საინვესტიციო პროგრამები შემუშავდება
„მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში მთის განვითარებისათვის სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ.
„გარდა ამისა, მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის საჭირო გახდა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს ჰქონოდა დამოუკიდებლობის დღიდან. ეს საშუალებას მოგვცემდა რომ ჩვენ, ბევრი პრობლემა, რაც დგას მთის წინაშე, გაცილებით ადრე გადაგველახა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე.
დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო UNDP-ის, რომლის აქტიური მხარდაჭერით საქართველოს აქვს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს და მათ მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტს და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავიხადო იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ტექნიკური დახმარების გაწევის პროცესში. ჩვენი უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით დღეს ჩვენ გვაქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,730 დასახლებას.
„ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მართლაც მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს არის უკეთესობისკენ, და ეს არის ჩვენი მოსახლეობის თითქმის 10%. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.
მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.