ლევან დავითაშვილი: სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხზე გუნდის პოზიცია ახალ კონსტიტუციაში იქნება ასახული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხის რეგულაცია მნიშვნელოვანი საკითხია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდის პოზიცია ახალ კონსტიტუციაშია ასახული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხი რეგულირდებოდეს, ზუსტად ამიტომ კონსტიტუციაში ავსახეთ, იმისთვის, რომ მყარი კონსტიტუციური გარანტია გვქონოდა და ასეთი საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი მიიღებდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეგულირდებოდეს.
​ეს არის ისეთი უნიკალური აქტივი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ვექცეოდეთ. ვფიქრობ, გუნდის პოზიციაც ძალიან მკაფიოა, ძალიან მალე ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და ეს საკითხი დარეგულირდება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები