მამუკა ბახტაძე: ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა

„ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარი მიმართულებები წარადგინა.
მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელსაც ხელისუფლება მთის განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
„გარდა იმისა, რომ რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზებს, იგეგმება ასევე მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობა. ეს ისეთი მნიშვნელობის გზებია, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რაჭის 54 კმ-იანი საავტომობილო გზის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილის და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზების მშენებლობა. ბოლო დროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. მომავალი წლიდან დაგეგმილია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი, მომავალ წელს დასრულდება აგრეთვე მუცოს აღდგენისა პროექტიც. მთა და მთის კურორტები უნდა განვითარდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა მოვიპოვოთ საერთაშორისო სპორტული ტურნირების ჩატარების ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე განცხადებით, 2023 წელს, საქართველო ბაკურიანში უკვე უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება კურორტის ცნობადობა.
„2023 წელს იცით, რომ მივიღეთ დასტური და საქართველო ბაკურიანში უკვე უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება კურორტის ცნობადობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები