“ჩემი ერთადერთი ოცნება, რომელიც სპორტს უკავშირდება,  ოლიმპიური ჩემპიონობაა’’

13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და 77 მედალი მოიპოვა. მათ შორის იყო საქართველოს მრავალგზის, ევროპის ექვსგზის, მსოფლიო თასის ორგზისა და მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, 24 წლის იმედა ჭინჭარაული, რომელმაც ჩემპიონატზე ორივე თამაში მოიგო და მსოფლიოს ათგზის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 
ინტერვიუ მკლავჭიდში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონთან

მკლავჭიდში თქვენ ათგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდით 60 კგ წონით კატეგორიაში. იქნებ მოგვიყვეთ თქვენს შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე, რომლებიც ამ გამარჯვებას მოჰყვა?
-საქართველოს დროშის ქვეშ პირველ ადგილზე, კვარცხლბეგზე დგომა ესაა გრძნობა, რომელსაც არაფერი შეედრება. მიუხედევად იმისა, რომ მეათედ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი არ იკლებს ჩემი ემოციები და სიხარული.

-რამდენად დიდი იყო კონკურენცია? გაგიჭირდათ მოგება?
-მსოფლიო ჩემპიონატის დონე საკმაოდ მაღალი იყო და შესაბამისად კონკურენციაც დიდი. სამოცზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, ზოგი ქვეყნიდან ორ-ორი წარმომადგენელიც იყო ჩამოსული, რომლებიც უძლიერესი სპორცმენები და ათლეტები არიან. შესაბამისად, რთული იყო, მაგრამ კარგად ვიყავი მომზადებული და როგორც წინა რვა ჯერზე, ახლაც მოვახერხე მოგება.

– რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში და რატომ მიგიზიდათ მაინც და მაინც სპორტის ამ სახეობამ?
-თავიდან სპორტის ამ სახეობაში არ დამიწყია ვარჯიში. ცოტა ხანს ვჭიდაობდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი. ჩემი ნათესავი, ჩემი პირადი ტრენერი იყო ამ სპორტით, მკლავჭიდით, დაკავებული და მან დამაწყებინა ვარჯიში საკმაოდ ადრეულ ასაკში, დაახლოებით, 14 წლის ვიყავი, როდესაც გადავწვიტე ამ სპორტში მეცადა ბედი.

– თუ გახსოვთ თქვენი პირველი წარმატება?
-დიახ, რა თქმა უნდა, პირველი და ბოლო ყველაზე კარგად მახსოვს. პირველ წარმატებას 2013 წელს მივაღწიე, როდესაც ევროპის პრიზიორი გავხდი ლიტვაში და შემდეგ, იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონი. ორივე ხელი მოვიგე და მას შემდეგ ყოველთვის მე ვხდები ამ ტიტულის მფლობელი, პირველობას აღარ ვთმობ.

 -რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?-ასე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე კონკრეტულია ჩემი მოტივაციის მიზეზი. მე მომწონს ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ. ზოგადად მინიმალისტი არაფერში არ ვარ. მას შემდეგ რაც პირველ ჩემპიონობას გავუგე გემო ვეღარ ვჩერდები. ეს ჩემთვის ნარკოტიკივითაა.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ჭიდაობდით და ფეხბურთითაც იყავით გატაცებული. უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში თქვენს დაბრუნებას სპორტის ამ სახეობებში?
-ჩემი ერთადერთი ოცნება, რომელიც სპორტს უკავშირდება ოლიმპიური ჩემპიონობაა, მკლავჭიდი კი არ არის ოლიმპიური სპორტი და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ჭიდაობას დავუბრუნდე. ამ საკითხზე სერიოზულად ვფიქრობ.


-ამჟამად მკლავჭიდის გარდა, ხართ რამით დაკავებული?
-დიახ, რა თქმა უნდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეოთხე კურსის სტუდენტი და მომავალი საჯარო მოხელე ვარ, ამასთან ერთად ვმუშაობ პერსონალურ მწვრთნელადაც.

-გყავთ მისაბაძი სპორტსმენი, რომელიც თქვენთვის მაგალითის და სტიმულის მომცემია?
-ასეთი საკმაოდ ბევრია და რომელიმეს გამორჩევა მიჭირს.

-მსოფლიოს ათგზის ჩემპიონობა თქვენი ყველაზე დიდი წარმატება იყო თუ სტიმული უფრო მეტის გასაკეთებლად?
-რა თქმა უნდა, ეს წარმატება, რომელსაც მივაღწიე ძალიან კარგია, მაგრამ მე არ ვაპირებ აქ გაჩერებას, კიდევ მეტი და მეტი მინდა, რეკორდის დამყარებასაც კი ვგეგმავ.

-რა რჩევას მისცემდით დამწყებ მკლავჭიდელებს?
-პატარა დარიგებასავით მივცემდი დამწყებ მკლავჭიდელებს და ზოგადად, დამწყებ სპორტსმენებს, რომ ივარჯიშონ იქამდე, სანამ თავისი კუმირები მეტოქეებად არ ექცევიან.

სტატიის ავტორი : ნატალია პატარკაცაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები