რა ქონება შეიძინა უჩა ნანუაშვილმა ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ
უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბორჯომში, ახალდაბაში მიწის ნაკვეთი 35 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა და სახლის მშენებლობაც წამოიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული. ნანუაშვილმა ახალდაბის მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 2014 წლის 8 თებერვლის შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა. სახალხო დამცველის ახალი შენაძენი 2013 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციში მითითებული არ არის. ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა ახალდაბაში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ახლახან შეიძინა, „კვირას“ უჩა ნანუაშვილის მეუღლემ ირმა მამასახლისმა დაუდასტურა.
„ახლახან შევიძინეთ ახალდაბაში მიწის ნაკვეთი, ოღონდ ჩემი კუთვნილი ბინა 32 ათასს დოლარად გავყიდეთ და ახლდაბის მიწის ნაკვეთი 35 ათას დოლარად შევიძინეთ“, – აღნიშნა ირმა მამასახლისმა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 16 კვ.მეტრ ფართობის ბინა, რომელიც ირმა მამასახლისის სახელზე იყო რეგისტრირებული, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად 2013 წლის 28 ოქტომებრს, 32 ათასს ამერიკულ დოლარად არის გაყიდული. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, უჩა ნანუაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 2013 წლის ნოემბერში 35 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, უჩა ნანუაშვილის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხიც. ოჯახს, კიდევ ერთი ბინა და ავტოფარეხი აქვს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თუმცა ეს სახალხო დამცველის მეუღლის ირმა მამასახლისზეა რეგისტრირებული.
ამავე დეკლარაციის თანახმად, სახალხო დამცველმა ოჯახისთვის სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთებიც შეიძინა. კერძოდ, 11 450 ლარი ავეჯში გადაიხადეს, ხოლო 1524 ლარის თანხა საოჯახო ტექნიკაში დახარჯეს. უჩა ნანუაშვილმა ავიაბილეთები 1944 ლარად შეიძინა.
ომბუდსმენი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მრავალბინიან კორპუსში კიდევ ერთ საცხოვრებელ ბინას იშენებს, რომლის საერთო ფართობი 120 კვ.მეტრია.
„მაგ ბინას უკვე 5 წელია რაც ვიშენებთ. მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ბიძაჩემს ეკუთვნოდა“, – აღნიშნა ირმა მამასახლისმა.
სახალხო დამცველს „თი-ბი-სი“ ბანკის პირად ანგარიშზე 5423 ევრო ერიცხება, ხოლო მის მეუღლეს, იმავე ბანკში 3021 აშშ დოლარი. უჩა ნანუაშვილმა ერთი წლის განმავლობაში, თანამდებობიდან შემოსავლის სახით 81 181 ლარი მიიღო. მის მეუღლეს კი, რომელიც ორგანიზაცია „ადამიანთა უფლებათა ცენტრში“ საინფორმაციო ტეგნოლოგიების მენეჯერად მუშაობს, ერთი წლის განმავლობაში 16 964 ლარი აქვს მიღებული.
სახალხო დამცველი ავტომანქანას არ ფლობს. უჩა ნანუაშვილს და ირმა მამასახლისს ორი შვილი ჰყავთ. 10 წლის დაჩი და 6 წლის ანი. კიდევ ერთი დეტალი, – უჩა ნანუაშვილს და მის მშობლებს დაბადების ადგილად საგარეჯოს რაიონის სოფელი კაკაბეთი აქვთ მითითებული, თუმცა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არცერთი მათგანი სოფელ კაკაბეთში არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს.