დავით ზალკალიანი: ეუთოს დღის წესრიგში, საქართველოს თემატიკა მკაფიოდ ჟღერს და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ამ შეხვედრებზე საუბარის მთავარ თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუცია და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპები და ვალდებულებები.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი შეხვედრები მინისტერიალის ფორმატში კოლეგა მინისტრებთან, ასევე ეუთოს გენერალურ დირექტორთან. გვქონდა შეხვედრა ვარშავის ეუთოს ოდირის დირექტორთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ყველა ამ ორმხრივ შეხვედრაზე ბუნებრივია გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს მსგავსი სახის გამოწვევებზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავს იმას, რომ აუცილებელია დადგეს დრო, რომ იმ ქვეყნებმა და კერძოდ აქ ყველას მხედველობაში ჰყავს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ფაქტიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც, მათ შორის მრავალი ხელშეკრულებით, რომ დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი ამ შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ყველა ორმხრივ შეხვედრაზე”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განმარტებით, წელს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კომენტარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესია, საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ეუთოს დღის წესრიგში.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა ეუთოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, კერძოს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ლაიჩაკთან. სლოვაკეთი ხდება 2019 წლიდან ეუთოს თავმჯდომარე და ჩვენ ვისაუბრეთ პრიორიტეტებზე, რა უნდა იყოს პრიორიტეტი სლოვაკეთის თავმჯდომარეობისთვის და ბუნებრივია ჩვენი ინტერესია, რომ საქართველო, საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ეუთოს დღის წესრიგში. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა გამოსვლების დროსაც. 30-ზე მეტმა დელეგაციამ, საკუთარ გამოსვლაში, სადაც საუბარი ჰქონდათ ეუთოს არეალში მიმდინარე პროცესებზე და პრობლემებზე, ახსენეს საქართველო, კერძოდ ახსენეს იმ უსაფრთხოების გამოწვევის კონტექსტში, კერძოდ ოკუპაციის ფონზე მიმდინარე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფონზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოს ეუთოს დღის წესრიგში, საქართველოს თემატიკა ძალიან მკაფიოდ ჟღერს და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები