აკაკი ზოიძე ომბუდსმენის ანგარიშს არ ეთანხმება

პარლამენტის უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე სახალხო დამცველის მოხსენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შრომის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ზოიძე განმარტავს, რომ აღნიშნული მიმართულებებით ქვეყანაში ევროპული სტანდარტი არ არის, თუმცა მომავალი წლის ჯანდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლებლობას მოგვცემს, საოჯახო ტიპის საცხოვრისებში მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
„მივიღეთ კანონი შრომის უფლებების შესახებ. რაც შეეხება ასევე შრომის ინსპექციის გაძლიერებას, ესეც წავიდა წინ, ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამა ისევ გაიზარდა დამატებით 3 მლნ ლარით, სათემო მომსახურების მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, გამოსწორდა მდგომარეობა სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ანუ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი იდგმება. რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება და ამ პრობლემებს ჩვენც ვაღიარებთ და ვცდილობთ, გადავჭრათ. მომავალი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, საოჯახო ტიპის საცხოვრისებში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასევე ჩვილ ბავშვთა და შშმ ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს მხარი დავუჭიროთ და ბევრი ადამიანის მდგომარეობა და სიცოცხლის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ასე რომ, ამ კუთხით პროგრესი უდაოდ სახეზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა წლიურ ანგარიშში საქართველოში ფსიქიატრული დაწესებულების არსებული ვითარება გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები