საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა თამარ ჟვანიასთან თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და განვლილი არჩევნები განიხილა. მისი განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მოყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. პრეზიდენტმა ყურადღება მომავალი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საარჩევნო პროცესი ბევრად უკეთ უნდა წარიმართოს, ვიდრე გასულ წლებში. ქვეყნის პირველი პირი არსებული პრობლემებითაც დაინტერესდა და განაცხადა, რომ არჩევნების წარმატებულად ჩასატარებლად ძალისხმევა არავინ უნდა დაიშუროს.
„უპირველესად, ქალბატონ თამარს მადლობა გადავუხადე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ძალიან კარგად ჩატარებისთვის. ასევე ხაზგასმით ავღნიშნე, რომ ყველა ვამაყობთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებით, რადგან ეს უაღრესად გვიადვილებს ურთიერთობას ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ამასთან, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არამედ ქვეყნის შიგნითაც, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ირწმუნა, რომ შესაძლებელია ხელისუფლების ლეგიტიმურად შეცვლა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი კი ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციაა. ბუნებრივია, ჩვენი სურვილი და ამბიცია არის არა მარტო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არაფრით არ ჩამოუვარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნების ხარისხს, არამედ შეესაბამებოდეს ბევრად უფრო მაღალ სტანდარტს. სწორედ აქედან გამომდინარე, განვიხილეთ აჟამად არსებული ვითარება, რა სირთულეების წინაშე ვდგავართ და რამდენად მოწადინებული ვართ ყველა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიის პრინციპების დაცვით გაიმართოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები