„უცნაურად ქარიზმატული ლიდერების ერთპიროვნულობა შეგვიძლია, დავასრულოთ“ – იაგო ხვიჩია პროპორციული საარჩევნო სისტემის აუცილებლობაზე საუბრობს

პარტია „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ დგას. ამის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ისაუბრა.
„არ მომწონს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელი არაა. ანუ, საზოგადოება იმდენად არაა დაძაბული, მუხტი არაა. არჩევნები ზოგადად განმუხტვის საშუალებაც არის, რაღაც თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში ასეთ მუხტს ვერ ვხედავ. ჯობს, არჩევნები ჩავატაროთ თავის დროზე, რომ ყველა: პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, მოქალაქეები ვიყოთ მომზადებულები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელისუფლებას აწყობს.
„ამ არჩევნებზე ხელისუფლებას მოუწია ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩემი აზრით, კარგი ფაქტი მოხდა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვა დასჭირდა. ამ შემთხვევაში, მას მორალურად გამოეცალა საფუძველი, რომ სხვას აუკრძალოს ფულის ხარჯვა ამომრჩეველთან საკომუნიკაციოდ. მე ასე ვთვლი ამას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არჩევნები იყოს მართლა ფარული, არ ხდებოდეს შემოხაზული ფოტოების დადება და ა.შ.
ამ მოსყიდვების და რაღაცების მიუხედავად, არ არის საფუძველი იმისი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. როცა საქმე საქმეზე მიდგა, თავისი მოსყიდვებით, სახელისუფლებო თუ ადმინისტრაციული რესურსით „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 60 %. ადამიანებმა გადაწყვეტილება მიიღეს, შემოხაზეს ზურაბიშვილი, ხვალ რომ ჩავატაროთ არჩევნები უფრო გაადვილებულია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებას აწყობს. მე არაფერს ვკარგავ, ჩემი პარტია არაა პარლამენტში, ჩემი პარტიისთვის ეს ახლა შანსია, რომ არ ველოდოთ 2020-ს. მაგრამ, ხომ გვაქვს პრეტენზია საღ აზრზე. მე არ ვიბრძვი პარლამენტში შესვლისთვის. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩავატაროთ ისე, როგორც შეგვეფერება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, „გირჩი“ პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პროპორციული სისტემა შეიძლება ამ ქვეყნის გადარჩენის გარანტი იყოს.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე. ფაქტია, ხელისუფლებათა წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას, ამ არჩევნებზე მივეცით ხმა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ, როცა არჩევნები მოდის, ხდება პოლარიზაცია და იმის შიშით, რომ ვინმე არ დაბრუნდეს ან რაღაც უარესი არ მოხდეს, ადამიანები ირჩევენ არა იმას, ვინც მათ მოსწონთ, არამედ იმას, ვინც ხელს შეუშლის სხვა კანდიდატს ხელისუფლებაში მოსვლაში. თუ გვინდა, დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს სისტემა, ამისთვის აუცილებელია პროპორციული საარჩევნო სისტემა ბარიერის გარეშე, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. მაჟორიტარული სიტემა არის სისტემა, რომელიც ორ რადიკალურ ძალას აძლევს პოლიტიკურ ველზე დარჩენის საშუალებას.
სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შანს უტოვებს ძლიერ პარტიებს და ახალ მოთამაშეებს არ აძლევს საშუალებას, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.
პროპორციული სისტემა შეიძლება იყოს ამ ქვეყნის გადარჩენის გარანტი, ფაქტობრივად, შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ, დავამთავროთ მიშას და ბიძინას დაპირისპირება. უცნაურად ქარიზმატული ლიდერების ერთპიროვნულობა შეგვიძლია დავასრულოთ, თორემ ორივე მათგანი იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და უნდა იყოს პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის საშუალება, რომ არასდროს არავის ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ქვეყანაში“,- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციუმა პარტიებმა გუშინ კონსულტაციები გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ამ მოთხოვნების განხორციელების შემდეგ, გაიმართოს რიგგარშე საპარლამენტო არჩევნები.
შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას”, ასევე “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან „გირჩის“, „თავისუფალი დემოკრატებისა” და „შენების მოძრაობის” წარმომადგენლები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები