ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება

„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული, საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვარაუდით, აღნიშნული ჰაბი ადამიანების დასაქმებას ხელი შეუწყობს.
„სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული. როგორც თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება ხდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე სხვადასხვა საპოლიციო სერვისები. კერძოდ, როგორიცაა – 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომელიც სამინისტროს შიგნით მუშაობს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს, რომლის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას სრულად დედაქალაქში თებერვლიდან გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები