მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გრანდიოზული ღონისძიებაა და პროცესში ბევრი სამინისტრო იქნება ჩართული.
“გუშინ საღამოს დამევალა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონოდა თათბირი ყველა იმ უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საკითხების ორგანიზება ხელეწიფება. ამასთანავე, ადმინისტრაციაში მუშავდება პრემიერ-მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს. ეს კომისია უკვე იმუშავებს სცენარზე და სხვა შესაძლო ღონისძიებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ინაუგურაციის პროცესში. ჯერ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინაუგურაციის ხარჯები ჯერ დათვლილი არ არის.
“ხარჯები ჯერ არ არის დათვლილი, რადგან ჯერ კომისიაც არ არის შექმნილი. ალბათ, დღეს საღამოს უკვე იქნება პრემიერის ბრძანება კომისიის შემადგენლობის შესახებ. როდესაც კომისია შეუდგება მუშაობას, ამასთანავე, იქნება კონსულტაცია სხვადასხვა წარმომადგენელთან, რომლებიც შემოგვთავაზებენ სცენარებს და ამის შემდეგ იქნება ხარჯები”, – განაცხადა კახიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები