თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, ასევე, მიესალმება ფაქტს, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება განახლდა.
„გუშინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ამ სხდომას ესწრებოდა ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია, მათ შორის, საქართველოს დელეგაციაც, ჩვენი წარმომადგენლობა ევროსაბჭოში და ასევე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, ბატონი ბექა ძამაშვილი, შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს საქმე იქნა განხილული მინისტრთა კომიტეტის მიერ და ის დოკუმენტები, რომელიც გუშინ ერთხმად დაამტკიცა 47 ქვეყნის წარმომადგენელმა, გახდება ხვალ თუ არა, ზეგ, კვირის ბოლომდე, გამოქვეყნებული და ცნობილი. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული გაზაფხულზე, ევროსაბჭო მიესალმება, ეს გახლავთ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი”, – განაცხადა წულუკიანმა
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილი საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე 4 დეკემბერს გამართულ სესიაზე იმსჯელა, სადაც კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საქართველოსთვის საჭიროდ არ ჩათვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები