შათირიშვილი: 2020 წლამდე ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მასტერკლასი და გაამართლოს საზოგადოების ნდობა

2020 წლამდე ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ე.წ. მასტერკლასი და გაამართლოს საზოგადოების ნდობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“ ლიდერმა მერაბ შათირიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
შათირიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება შეუნარჩუნა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი გზით წავიდეს და არ მობრუნდეს რევანშისტული ძალა.
“ საქართველოში არჩევნების მეორე ტური იყო უპრეცედენტო. კოჰაბიტაციამ ქართველი ხალხი დააყენა პოლიტიკური კატასტროფის წინაშე და ეს გამოვლინდა მეორე ტურში. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები, გამოიყენა ე.წ. ძველი ბიჭები და იყო მრავალი გადაცდომა, ვიტყოდი, რომ ანალოგიური გადაცდომები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონდა, მოსყიდვები, ფულის გაცემაც. მაგრამ, ვერცერთი მხრიდან ეს გადაცდომები მეორე ტურის არჩევნებზე დიდ კვალს ვერ დატოვებდა. რა შედეგიც დადგა, ეს იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატვა.
ჩვენს ორგანიზაციას 37 რაიონში ჰქონდა მოკრძალებული ოფისები, ჩვენივე სახსრებით. ჩვენ ვიმუშავეთ განაწყენებულ ელექტორატზე. ჩვენი დათვლით, 100 000 ხმა მოვუტანეთ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ამით იმას არ აღვნიშნავ, რომ ჩვენი წვლილი დიდია და ვიღაცამ დააფასოს-მეთქი, ეს იყო ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი პოზიციის დაფიქსირება. ხელისუფლება ხელში არ უნდა ჩაეგდო რევანშისტულ ძალას.
ამ შანსის მიცემა დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებისთვის, ნდობა უნდა გაამართლონ. 2020-წლამდე ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ე.წ. მასტერკლასი, რომ გაამართლოს საზოგადოების ნდობა, რომელმაც შეუნარჩუნა ხელისუფლება. ხალხმა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება შეუნარჩუნა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი გზით წავიდეს და არ მობრუნდეს რევანშისტული ძალა“, – განაცხადა შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები